ბიძინა ჩოლოყაშვილი
კახეთის 1659 წლის სახალხო აჯანყების ერთ-ერთი მეთაური. XVII საუკუნის 30-იან წლებში კახეთის სამეფოს სახლთუხუცესი, შემდეგ სუფრაჯი. ქართლის მეფე როსტომსა და კახეთის მეფე თეიმურაზ I-ს შორის გამართულ ბრძოლაში თეიმურაზ მეფის მხარეს იყო. 1648 წელს მისი დავალებით ბიძინამ ერწო დალაშქრა, რათა თიანეთი მეფისთვის დაემორჩილებინა. კახეთის აჯანყების შემდეგ 1659 წელს შაჰმა შალვა და ელიზბარ ერისთავებთან ერთად ჩოლოყაშვილი ირანში გაიწვია და გამაჰმადიანება მოსთხოვა, მაგრამ მტკიცე უარი მიიღო. მაშინ შაჰმა იგი გადასცა იმ თურქმენებს, რომელთა მეტომეებიც კახეთის აჯანყების დროს გაწყვიტეს. იგი წამებით მოკლეს. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე - 1 ოქტომბერი, 18 სექტემბერი (ძველი სტილით).